ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით მას სავალუტო ფონდმა სთხოვა, არ დაეკავებინათ გიორგი ქადაგიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს. ხადურის თქმით, ის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას, როგორც ფინანსთა მინისტრი, ისე ესწრებოდა.
“ვიცი ზუსტად ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინსიტრი გახლდათ, ჩვენ სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გვქონდა. მე შეხვედრას, როგორც ფინანსთა მინისტრი, ვესწრებოდი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ დარჩენა ითხოვა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, როცა საქმე მის პირადს ეხებოდა, მან საზოგადოებრივი პირადზე წინ დააყენა. ასევე დღეს მან განაცხადა, რომ თუკი არსებობს კითხვები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მასზე, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა პირადი შეხვედრისას სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და მან ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები