ნოდარ ჯავახიშვილი: კატეგორიულად ვითხოვდი, ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა აღმოჩენილიყო ციხეში

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სამართალდამცველებს დაეკავებინათ.
“საუბარი იყო იმაზე, რომ მე კატეგორიულად ვითხოვდი, ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა აღმოჩენილიყო ციხეში. ამის საფუძველი მქონდა ძალიან ბევრი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ჯავახიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა პირადი შეხვედრისას სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და მან ეს თხოვნა გაითვალისწინა.
“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც თხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები