წვევამდელებისგან ქრთამის აღებისთვის ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი და მისი თანამზრახველები დააკავეს (ვიდეო)
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქში ქრთამის აღების ფაქტზე ოლქის სამხედრო კომისარი და კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.
როგორც ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს, ეს პირები ე.წ. თეთრი ბილეთებით ვაჭრობდნენ, რომლებიც წვევამდელებს ჯარისგან ათვისუფლებდა. თითო ასეთი ბილეთი 1700 დოლარი ღირდა. ჩატარებული ოპერაციის შესახებ სააკაშვილს ოდესის პროკურატურის წარმომადეგნლებმა შეატყობინეს. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ოდესის ოლქის გუბერნატორად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი 30 მაისს დანიშნა. თავისი მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სააკაშვილმა ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა.