პრემიერი ფინანსთა მინისტრისგან ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს 10 ივნისამდე ელოდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსთა მინისტრისგან ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენას 10 ივნისამდე ელოდება. შესაბამისი ვადა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
“სასწრაფოდ, 10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი. ჩვენ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ. ისე არ გამოვა, რომ სამინისტროები ითხოვენ ფულს – რაც აქვთ ის დახარჯონ. მთელს რეგიონში ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპების გადახედვა, ჩვენ კი იგივე სიტუაციაში ვართ. 5%-იანი ზრდა წელს არ იქნება. თქვენ იცით რეალობა, რომ მთელს მსოფლიოში და რეგიონში არის ეკონომიკური რეცესია. ასე რომ, რაც მალე მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას, მით უკეთესი იქნება”, – მიმართა პრემიერმა ნოდარ ხადურს.
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს კაპიტალური ხარჯების ათვისებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კუთხით რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ნოდარ ხადურს მოუწოდა, აღარ მოხდეს თანხების გამოყოფა იმ რაიონებისთვის, რომლებიც უკვე არსებული ფინანსების ათვისებას ვერ ახდენენ.
“გასაგებია, რომ პრობლემები არსებობს პროექტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამონახეთ გამოსავალი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სამინისტროს. ბატონო ნოდარ, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია, რომელი რაიონი ვერ ითვისებს ხარჯებს და მიიღეთ რაღაც ზომები. ნუღარ გამოუყოფთ თანხებს ისეთ რაიონებს, რომელიც მის ათვისებას ვერ ახერხებს. ასევე ეს ეხება ყველა სამინისტროს. აბსოლუტურად ყველგან კაპიტალურ ხარჯებს მიაქციეთ ყურადღება”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხადურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები