1 ივლისს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა ამოქმედდება

თბილისის მერია 1 ივლისიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პილოტური პროგრამის განხორციელებას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარია და მისი მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაცის ხელშეწყობა სპეციფიკური აბილიტაციისა და ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასებას და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა-განხორციელებას, ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის მიერ, მოსარგებლისთვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის ჩატარებას, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიას, საჭიროებისამებრ მეტყველებისა და ოკუპაციურ თერაპიას და სხვა თერაპიას. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება-კონსულტაციას საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისთვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასებას და ანგარიშის წარდგენას. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, ჩატარებული სეანსების მიხედვით, დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 420 ლარისა.

პროგრამით ისარგებლებენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდათ თბილისში 12 თვის ხანგრძლივობით რეგისტრაცია და პროგრამაში ჩართვის დროისთვისაც თბილისში არიან რეგისტრირებული.

პროგრამაში ბავშვების ჩართვა 2 ეტაპად განხორციელდება, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიმწოდებელ დაწესებულებებში აღრიცხვაზე მყოფი ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ისინი პროგრამით 1 ივლისიდან ისარგებლებენ. მეორე ეტაპზე ჩართვა განხორციელდება მიმწოდებელ დაწესებულებაში ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მოსარგებლეები შეირჩევიან თბილისის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე შედგენილი მომლოდინეთა სიიდან. უპირატესობა მიენიჭება ჩართვის დროისთვის სიაში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები