დავით საგანელიძე: რთულია, ამომრჩეველს უთხრა, რომ მათ რაიონს აღარ სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი

თითოეულ მაჟორიტარს ძალიან გაუჭირდება რაიონის ამომრჩეველს უთხრას, რომ მათ აღარ სჭირდებათ პარლამენტში წარმომადგენელი, ეს რთულია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო სისტემის ერთ დღეში შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე, მოწინააღმდეგეები.
საგანელიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებს სასაუბრო მაგიდასთან მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ მსჯელობის გარეშე შედეგს ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს.
“მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. ამ წინადადებას ჰყავს ბევრი მომხრე, მაგრამ ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგეც, ვინაიდან აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. იმ წინადადებების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ არის ის თემები, რასაც წლების განმავლობაში მე ოპოზიციაში ყოფნის დროს ვაყენებდი და ბუნებრივია, ვრჩები ჩემს პოზიციაზე – მოგეხსენებათ, მე მაშინ მაჟორიტარული ოლქების 75-დან 50-მდე შემცირებაზე, ამის პარალელურად კი პროპორციულის 100-მდე გაზრდაზე ვსაუბრობდი და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული ეტაპია. ყველაფრის რადიკალურად ერთ დღეში შეცვლა რთულია, ძალიანაც რომ მოინდომო ამას ვერ გააკეთებ, რადგან არავის დაავიწყდეს, რომ როცა მაჟორიტარული ოლქების გაუქმებაზეა საუბარი და გჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამას ხმა უნდა მისცეს 73-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა. “რაც მე მინდა ის გააკეთე” ,- ასე არაა, რადგან მაჟორიტარი საუბრობს თავისი რაიონის სახელით და თითოეულ მაჟორიტარს ძალიან გაუჭირდება რაიონის ამომრჩეველს უთხრას, რომ მათ აღარ სჭირდებათ პარლამენტში წარმომადგენელი. ეს რთულია. ვიცი, ოპოზიციიდან ხანდახან როგორ ხდება ხოლმე თემების გაჟღერება, მაგრამ მე ჩემს მეგობრებს, კოლეგებს მივმართავ – მოდით, ვიმჯელოთ იმაზე, რაც შესაძლებელია და არა ვთქვათ ის, რაც ვიცით, რომ მაინც ვერ გაკეთდება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები