ეკა ბესელია: საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხებზე მსჯელობა დაწყებული გვაქვს

მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ჩვენ ძალიან საინტერესო მოდელზე ვმუშაობთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დაწყების წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.
“რაზეც ჩვენ დღეს ვაპირებთ ვიმსჯელოთ, არის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. გვინდა კანონმდებლობა მოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისობაში. ამავე დროს, ჩვენს პარტიას სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც ჰქონდა დაწყებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა. ძალიან საინტერესო მოდელზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში 8 არასამთავრობოსა და 14 პოლიტიკური პარტიის წევრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლითაც პარლამენტის წევრებს მიმართავენ, ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია.
“ეს დოკუმენტი არ მინახავს, გავეცნობით და განვიხილავთ, თუმცა ჩვენ დავუჭერთ მხარს იმას, რაზეც ჩამოყალიბდება ჩვენი პოლიტიკური გუნდი. საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხებზე მსჯელობა ჩვენ დაწყებული გვაქვს, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის წესთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ როგორი იქნება პოზიცია, ძალიან მოკლე დროში ვიტყვით. არსებობს პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ, მაგრამ არ არის კორექტული ამაზე შეჯერებამდე ვისაუბროთ”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებაა ჩამოყალიბებული ხედვა, რომლის მიხედვითაც, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები