თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი თავის უკრაინელ კოლეგას პაველ პეტრენკოს შეხვდება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ქართული დელეგაცია უკრაინულ მხარეს საკანონმდებლო რეფორმებს გააცნობს. მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იუსტიციის მინისტრის სამი მოადგილე: გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე.
თეა წულუკიანისა და პაველ პეტრენკოს შეხვედრა დღეს უკრაინის იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. საქართველოს დელეგაცია უკრაინის სახელმწიფო რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის, ასევე, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება. 29 მაისს თეა წულუკიანი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება და უკრაინის ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივსაც ესტუმრება. ქართული დელეგაცია უკრაინაში ვიზიტს 30 მაისს დაასრულებს.