„ამერიკა მხარს გიჭერთ მისწრაფებებში და შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს და საქართველოს ინტერესებს რიგაშიც“

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კონგრესმენი ჯოუ ვილსონი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. კონგრესმენთა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.
,,ძალიან ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრას. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს აქვს ცოცხალი, დინამიურად განვითარებადი დემოკრატია, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის აზრს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველომ განვლო ისტორია, რომელიც მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და განვითარებას უკავშირდებოდა. ჩვენს ქვეყნებს უწევს დიდი ძალისხმევის წარმოება იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციასთან ბრძოლა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ამ მხრივ ნამდვილად დიდი სამუშაოა ჩატარებული და კორუფციის ხარისხი შემცირებულია საგრძნობლად.
საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად, მათ შორის გამოვყოფდი გასულ წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ამერიკა თქვენ მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებებში და ჩვენ შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს და საქართველოს ინტერესებს რიგაში. საქართველო არის მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სთვის. პირადად მქონდა შესაძლებლობა მეხილა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, მზადყოფნა და უნარჩვევები. ჩემი ორი უფროსი ვაჟი მსახურობდა ქართველ სამხედროებთან ერთად ერაყში, ხოლო ჩემს უმცროს ვაჟს ჰქონდა შესაძლებლობა ინჟინრის პოზიციაზე ეთანამშრომლა ქართველ სამხედროებთან ავღანეთში. ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის ის ფაქტი, რომ საწრთვნელი ბაზა იქნება შექმნილი საქართველოში.
ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვართ მოწმენი ისეთი მოვლენებისა, რაც მეტყველებს და ამყარებს მეგობრობას ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის. გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კვლავ დაადასტურა, რომ საქართველო არის ღირებული მეგობარი ამერიკისთვის. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა, ყველამ ერთხმად, დაუჭირეს მხარი საქართველოს. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწია რუსული აგრესიის თავის თავზე განცდა. ჩვენ გვსურს რუსეთის ფედერაცია დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, როგორც აფხაზეთში ასევე, სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვსტუმრობდით უკრაინას, ვიყავით კიევში და გავიმეორებ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე მოქმედებები უნდა შეჩერდეს. ათასობით ადამიანია დაღუპული, მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული და ეს ყველაფერი რუსეთის სამხედროების და არტილერიის ზემოქმედების შედეგად. ამერიკა იქნება საქართველოსთან. მხარს დაუჭერს საქართველოს, მის მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პროგრესის და დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევაში. საქართველოს მხარს დავუჭერთ, რომ განავითაროს დემოკრატიული პროცესები, ინსტიტუტები და ასევე, ღია საბაზრო ეკონომიკა. ველით, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ეკონომიკური პროგრესისკენ, ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ“, -განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელმა ჯოუ ვილსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები