მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების საკითხი გადაიდო

 

„მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხი ზაფხულისთვის გადაიდო“, – ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძე „აიპრესთან“ ავრცელებს.

„ჩვენი მთავრობის მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელორუსიის ხელისუფლებასთან. მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც აქ იყო პრეზიდენტი ლუკაშენკო, ეს ამბავი მისთვის პრეზიდენტს უნდა მოეხსენებინა, შემდეგ – პრემიერ-მინისტრს. რატომღაც სიტუაცია ისეთი იყო, რომ უთხრეს მეორე თუ მესამე პირს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება. მაგრამ, მერე გაირკვა, რომ ვიტებსკის ოლქში, სადაც მირზა გელოვანია დაკრძალული, გამოცემულია ბრძანება. ეს ბრძანება რომ შეიცვალოს, თუ არ ვცდები, სჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება, რადგან მირზა გელოვანის საფლავი მდებარეობს ნაკრძალის ტერიტორიაზე და ხელის ხლება არ შეიძლება. რამდენიმე დღეში საქართველოდან დელეგაცია აპირებს წასვლას და ყველაფერს მოვაგვარებთ. ასე, რომ ჩვენ იმედი არ გადაგვიწურავს. „აიპრესს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მირზა გელოვანის ნეშტის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა, თუმცა არაფერია გადაწყვეტილი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ამ თემაზე უწყებაში არ დაწყებულა მსჯელობა. თუმცა, თუ შეიქმნება რამე კომისია და სადაც საჭირო იქნება სამინისტროს ჩართვა, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ გადაცემა „ჩვენი დილა“-ში განაცხადა: „8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები