საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს იაპონიაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა ექნება
საქართველოს ეწვია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, კენტარო სონოურას ხელმძღვანელობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, 2 მაისს გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით კონკრეტული წინადადებები. დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს; ასევე მადლობა გადაუხადა სტუმარს, იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერისათვის და წლების მანძილზე საქართველოსათვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისათვის.
შეხვედრის დროს, კენტარო სონოურას გადაეცა ქართული მხარის სამადლობელო წერილები იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონურ ენაში საქართველოს სახელწოდების „გრუზია”-დან „ჯორჯია”-ზე შეცვლას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხარეებს შორის გაიმართა ნოტების გაცვლის ცერემონია, რომლის საფუძველზე მ.წ. 1 ივნისიდან დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ 90 დღის განმავლობაში იაპონიაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა. აღნიშნული შეთანხმება ქმნის საფუძველს, რათა მომავალში გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის იაპონიაში გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმის შექმნისკენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პროცესს.