საქართველოდან საზღვარგარეთ 1 607 744 ადამიანია წასული – ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთის ფედერაციაშია
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აღწევს.
IDFI-ს ინფორმაციით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიწოდებული არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოდან 1 607 744 ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც მათ განმარტებს, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე.
არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. რუსეთს საბერძნეთი მოსდევს – 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილას უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი). მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით გამოირჩევა ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).