შსს-ს სსმს-მ ქედის მოხალისე-მაშველთა ჯგუფები მოამზადა (ვიდეო)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პროექტის – „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა.
ამავე ინფორმაციით, სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების შექმნა, მათი მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება.
აღნიშნული აქტივობა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესონ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები, რათა დაიცვან საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი კატასტროფებისაგან.
ღონისძიების ფარგლებში მოხალისე-მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილება და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ისწავლეს.
მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დაგეგმილია აჭარის 3 მუნიციპალიტეტში – ქედა, ხულო, შუახევი. სწავლებებს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.