თინა ხიდაშელი: “კაბელების საქმის“ გამოძიებაში მე ვერ ჩავერევი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ამის შესახებ ხიდაშელმა “მაესტროს ცხრიანის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს არ აქვს უფლება, აღნიშნული საქმის გამოძიებაში ჩაერიოს. ამასთან, ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა და განაცხადა, რომ ის ყოველთვის მათი მეგობარი, პარტნიორი და დამცველი იქნება.

“კაბელების საქმე თავდაცვის უწყებიდან წასულია და სხვა უწყების გამოძიების ქვეშ არის. მე, დღეიდან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს და პოლიტიკური თანამდებობის პირს, არავითარი უფლება არ მაქვს, ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ბუნებრივია, ეს საქმე ძალიან მაინტერესებს იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, იმიტომ, რომ დეპუტატი ვიყავი, იმიტომ, რომ მთელი ჩემი წარსული საქმიანობა სწორედ ასეთი ტიპის საქმეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ დღეს მე არ მაქვს ისეთი თავისუფლება, რომ ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებდი გუშინ ან გუშინწინ. მე ვერ ჩავერევი ამ საქმის გამოძიებაში, თუმცა შემიძლია თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვუთხრა ძალიან ნათლად, რომ მე ყოველი მათგანის დამცველი, მეგობარი, პარტნიორი ვიქნები ყოველთვის, სანამ ისინი ემსახურებიან დაკისრებულ საქმეს.
ჩემი დამოკიდებულება “კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით ცნობილია, უფრო მეტიც, ჩემი დამოკიდებულება, როგორც არა პოლიტიკური, არამედ როგორც იურისტის ამ ტიპის საქმეებზე წინასწარ პატიმრობებთან დაკავშირებითაც ცნობილია, და ეს ჩემი გნებავთ, ფილოსოფიურ თუ იურიდიულ-მეცნიერული პოზიცია თანამდებობებით არ იცვლება, მაგრამ კონკრეტულ საქმეში მე დღეიდან ვეღარ ჩავერევი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები