“გვიწევს განმარტებების გაკეთება კოლეგებთან, ვინც EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჩამოსვლას აპირებს”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად, პრობლემებს ქმნის. ხადურის თქმით, პრეზიდენტი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაციას ფლობდა.
“ცხადია, გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ განმარტებების გაკეთება გვიწევს ჩვენი კოლეგებისადმი, რომლებიც ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე აპირებენ ჩამოსვლას”, – განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრების ხშირ ცვლაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ აქცენტს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, ნებისმიერი მინისტრი შეცვალოს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებით, შეცვალოს ნებისმიერი მინისტრი. არავისთან ამის შეთანხმება არ სჭირდება, თუმცა პრემიერმა გააკეთა განცხადება, იმის გამო, რომ ეს კოალიციური მთავრობაა, ამიტომ ყველაფერი კოალიციის პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული იყო და მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები