დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფარი შენდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან – ავთანდილ სუდაძესთან ერთად სოფელ დიდ ლილოში მიმდინარე მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, მუშაობა-24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ობიექტი დროულად ჩაბარდეს. მისივე თქმით, მოსკოვის გამზირზე მდებარე თავშესაფარში ამჟამად მცხოვრებ ბენეფიციარებს ახალ თავშესაფარში საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა ექნებათ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, შენდება ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ამავე ინფორმაციით, პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „RSP 40“ 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები