საკრებულომ მსოფლიოს ჩემპიონ მოჭადრაკე ქალებს უმასპინძლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გამარჯვებულ მოჭადრაკე ქალთა საზეიმო მიღება გაიმართა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ – ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა გამარჯვებულ მოჭადრაკეებს, მათ მწვრთნელს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს, მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს და წარმარტება უსურვეს. „ეს გამარჯვება დიდი სახელია ჩვენი ქვეყნისთვის, წინგადადგმული ნაბიჯია და იმედი, რომ ქართული საჭადრაკო ტრადიცია მომავალში სწორედ ასეთი გამარჯვებებით გაგრძელდება“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
გამარჯვებული მოჭადრაკეების მიღება საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით გაიმართა. „მადლობა ჩვენს ნაკრებს იმ სიხარულისთვის, რომელიც ამ გამარჯვებით ჩვენს ქვეყანას მოუტანეს. მინდა გოგონებს წინსვლა და წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე სულ 17 ქულა მოიპოვა და რუსეთთან ყაიმის გარდა, ყველა შეხვედრა მოიგო. მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებები გავიდნენ