დავით უსუფაშილი ევროპის პარლამენტის დეპუტატს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი ევროპის პარლამენტის დეპუტატს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ევროპარლამენტარმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკანონმდებლო ნაწილზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო ღონისძიებებითაც დაინტერესდა. დავით უსუფაშვილმა ევროპელ სტუმართან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და ის პროცედურული ნორმები გააცნო, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უკავშირდება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უკრაინის კრიზისი, გეოპოლიტიკური საკითხები და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების თემები განიხილეს.
ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალურმა მომხსენებელმა, ანდრეს მამიკინსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდამჭერი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და მოახლოებულ რიგის სამიტზე საქართველოს წარმატებები უსურვა. მამიკინსმა კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და საქმიანი საუბრისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპის პარლამენტის წევრი შეხვედრებს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთანაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები