დავით უსუფაშვილი: ჩვენ დღეს დაგეგმილი გრაფიკით გავაგრძელებთ მუშაობას

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც გააკეთა. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტს ჰქონდა დაჭერილი თადარიგი იმ შემთხვევისთვის, თუ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და მისი პროგრამის განხილვა დღეს გახდებოდა შესაძლებელი საკანონმდებლო ორგანოში.
„ჩვენ დღეს გვქონდა დაჭერილი თადარიგი იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვა დღეს გახდებოდა შესაძლებელი პარლამენტში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და ამ საკითხზე ისარგებლოს იმ ვადით, რასაც მას კონსტიტუცია ანიჭებს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დანიშნულნი არიან ახალი მინისტრები, ამ დღიდან, ამ მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტს აქვს შვიდდღიანი ვადა იმისათვის, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარმოადგინოს პარლამენტში განსახილველად. დღეს ამ ვადის დინება დაიწყო. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დღეს ან შეიძლება მოხდეს ამ შვიდი დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. პრეზიდენტმა აიღო ეს ვადა. ამიტომ ჩვენ დღეს დაგეგმილი გრაფიკით გავაგრძელებთ მუშაობას. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვას, ამაზე ჩვენ, როგორც ჩანს, მუშაობა მოგვიწევს მომავალი კვირის განმავლობაში. დღეებზე ამ წუთში საუბარი შეუძლებელია იმიტომ, რომ, სანამ არ შემოვა ეს წარდგინება, ჩვენ მუშაობას ვერ დავიწყებთ.თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენც, პარლამენტს გვაქვს შვიდდღიანი ვადა იმ დღიდან, როდესაც პარლამენტში შემოვა მთავრობის განახლებული შემადგენლობის და მისი პროგრამის თაობაზე დოკუმენტი პრეზიდენტისგან. ძალიან გთხოვთ, ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კონსტიტუციური პროცესი. ამ პროცესში, კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოები: პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტი, ყველას ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს ამ საკითხში, ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ ჩვეულ რეჟიმსი მუშაობას. მთავრობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. კიდევ ერთხელ ყველას მივმართავ, ვინც ზოგჯერ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობა არის სრულად უფლებამოსილი, სრულად კომპეტენტური და აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები