ეკა ბესელია: მომეჩვენა, რომ პრეზიდენტმა განცხადება გაბრაზებულ გულზე გააკეთა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება გაბრაზებულ გულზე იყო გაკეთებული. მისი თქმით, როდესაც საქმე ქვეყნის ხვალინდელ დღეს ეხება, გადაწყვეტილების მიმღები პირი მშვიდად უნდა იყოს.
“პოლიტიკოსები და განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების მიღების დროს არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილების მიღების დროს გვჭირდება სიმშვიდე. მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს მისცეს დრო პრემიერს და პარლამენტს, რათა უფრო მშვიდ ვითარებაში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.