თედო ჯაფარიძე: თინა ხიდაშელი იმ გამოცდილებიდან, რომელიც გააჩნია, თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს
დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი იმ გამოცდილებიდან, რომელიც გააჩნია, თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ხიდაშელი გადადის ახალ ამპლუაში და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი გახდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. თინა ხიდაშელი ენერგიული და გამოცდილი პოლიტიკოსია. ის გადადის ახალ ამპლუაში და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი გახდება, სადაც მას დასჭირდება უკვე სამენეჯერო თვისებების გამოვლინება. რთული, მნიშვნელოვანი უწყებაა. ძალიან რთული ამოცანებია ამ უწყების წინ და, რა თქმა უნდა, ვინაიდან მე საგარეო პოლიტიკასთან მაქვს შეხება, ნატოსთან ურთიერთობები მაქვს მხედველობაში, დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი იმ გამოცდილებიდან, რომელიც გააჩნია, თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.