„ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენა გლობალური პოლიტიკის ნაწილია“

ექსპერტი მამუკა არეშიძე თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას გლობალური პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და მას მოქნილ პოლიტიკურ სვლად აფასებს.
როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მთავარი გადამწყვეტი, რის გამოც თინა ხიდაშელი ამ პოსტზე დასახელდა, ალბათ საგარეო ორიენტაცია გახდა. მამუკა არეშიძემ ფაქტი, გარკვეულწილად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც დაუკავშირა.
„თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენა ძალიან მოულოდნელი სვლა იყო. მესმის, რომ შესაძლებელი იყო „რესპუბლიკელებისთვის“ გარკვეული რევერანსის გაკეთება და მათი წარმომადგენლის შეყვანა ახალ მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ თვითონ თინა ხიდაშელის ფაქტორი, ვფიქრობ, რომ გლობალური პოლიტიკის ნაწილია, იმიტომ, რომ მოვლენები ცოტა მოულოდნელად ვითარდება. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკელებსა და რუსებს შორის ნეიტრალიტეტის ინსტიტუტის შემოღების თაობაზე პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე და ევროპის სულ მცირე ერთი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ორიენტაციის ხელმძღვანელობა იქნება საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში. ამიტომ მგონია, რომ მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი ორიენტაციიდან გამომდინარე გაჩნდა. უარყოფითია თუ დადებითია, ეს მეორე საკითხია, ფაქტია, რომ ეს მოქნილი და დღევანდელი გამოწვევებისთვის შესაბამისი სვლაა“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი დაასახელა. რაც შეეხება თავდაცვის უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მინდია ჯანელიძეს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მას გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოზიციაზე დაბრუნება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები