„ხეჩიკაშვილს სპორტთან ახლო კავშირი აქვს და ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რაც საქართველომ სპორტში სტრატეგიულ გეგმად დაისახა, გაგრძელდება“
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპორტის მინისტრობის კანდიდატად ტარიელ ხეჩიკაშვილის დასახელებას გამოეხმაურა და სპორტში მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
დოლაბერიძის განცხადებით, ხეჩიკაშვილი სპორტთან დაახლოებულია და ამ კუთხით ბევრი საქველმოქმედო პროექტიც დაუფინანსებია.
მისივე განცხადებით, ის აქტიურად იყო ჩართული საბურთალოს საფეხბურთო კლუბის საქმიანობაში. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ არცერთი დაწყებული პროექტი არ შეჩერდება.
„მინდა მივულოცო ბატონ ტარიელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენა. მინდა, რომ მას პირად საქმეში წარმატებები და ქართულ სპორტს წინსვლა ვუსურვო. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საბურთალოს საფეხბურთო კლუბის საქმიანობაში, რაც შეეხება მის ბიზნესსაქმიანობას, ის ბევრი საქველმოქმედო სპორტული პროექტების სპონსორი იყო. მისი დაარსებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეში არსებული მუზეუმი, მას სპორტთან ახლო კავშირი აქვს და ვფიქრობ, რომ გაგრძელდება ის პოლიტიკა, რაც საქართველომ სპორტში 2014-2020 წლის სტრატეგიულ გეგმად დაისახა. გეგმა სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს, ეს არის: სპორტული ინფრასტრუქტურა, სასპორტო განათლება და მეცნიერება და საკანონმდებლო შემოქმედება“,- განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.
დოლაბერიძის განცხადებით, სპორტში მიმდინარე პროექტებს, იქნება, ეს „თბილისი-2015“ თუ სხვა, პრობლემა არ შეექმნება.
„სპორტში არის დამტკიცებული გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები და მინდა სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებს ვუთხრა, რომ მინისტრის შეცვლის გამო მათ ყველაფრის ნულიდან დაწყება არ მოუწევთ, სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერა ჩვეულებრივად გაგრძელდება. რაც შეეხება „თბილისი 2015“-ს, მას ხელმძღვანელობას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და სპეციალურად შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი უწევენ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ კუთხითაც პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა. პრემიერის თქმით, ხეჩიკაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის ამ დრომდე საავტომობილო ჰოლდინგის “იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტი იყო.