ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ქართველ ჯარისკაცებზე გავრცელებული ინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე ქართველი ჯარისკაცების სექსუალური ძალადობის შესახებ.
„ჩვენ – ყველამ ერთად ვიხილეთ სიუჟეტი მედიით „რუსთავი 2“-ზე და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებით ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომელიღაცა წყაროზე დაყრდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს. ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები არიან. ამიტომ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და დასაგმობი ფაქტია, რაც ჩვენ – ყველამ ვიხილეთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, რომ საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ჯარისკაცებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე დაყრდნობით, რომ ფრანგულ მედიაში გახმაურებული ცნობებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებლები ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელების მიერ იძულებით გადაადგილებულ მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ყვებიან. Humanite.fr-სა და franceinfo.fr-ის თანახმად, მათ კორესპონდენტებს ადგილობრივებმა თითქოს უთხრეს, რომ „როდესაც ბავშვები ფრანგებთან და ქართველებთან საჭმელის სათხოვნელად მიდიოდნენ, ისინი პასუხობდნენ: ჯერ ორალური სექსით დავიწყოთ”. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრისას 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები