Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები აბიტურიენტებს მიმართავენ
Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები აბიტურიენტებს მიმართავენ. ორგანიზატორების განმარტებით, სასურველი ბენდების უმრავლესობას სწორედ ივლისის დასაწყისში ჰქონდა თბილისში ჩამოსვლის საშუალება, რის გამოც ფესტივალის ჩატარების დღეები ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაემთხვა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ცდილობენ, რომ ფესტივალზე დასწრება გახადონ ყველა აბიტურიენტისთვის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ მუშაობენ მაქსიმალურად ეფექტური განრიგის შექმნაზე, რათა აბიტურიენტებს, ვინც 14:00-ზე წერს გამოცდებს, ჰქონდეთ საკმარისი დრო გამოცდის შემდეგ ფესტივალზე მოსასვლელად, ხოლო აბიტურიენტებს, ვინც 08:00-ზე წერს გამოცდას, ჰქონდეთ საკმარისი დრო გამოცდამდე ძალების აღსადგენად. ამ მომენტისათვის დაზუსტებულია, რომ არცერთი ჰედლაინ-აქტი არ დაიწყება 20:00-მდე.
„გვინდა მივმართოთ აბიტურიენტებს… ბევრმა თქვენგანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენი ფესტივალი ემთხვევა ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო დღეებს. გვინდა იცოდეთ, რომ Tbilisi Open Air 2015-ს დაგეგმვისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა სწორედ ეროვნული გამოცდები იყო და ჩვენც, თქვენსავით, ძალიან არ გვინდოდა, რომ ფესტივალი და გამოცდები ერთმანეთს დამთხვეოდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენთვის სასურველი ბენდების უმრავლესობას სწორედ ივლისის დასაწყისში ჰქონდა თბილისში ჩამოსვლის საშუალება. ჩვენ დავდექით არჩევანის წინაშე – ან ჩაგვეტარებინა ბევრად უფრო ნაკლებად მასშტაბური ფესტივალი სხვა თარიღებში, ან ივლისის დასაწყისში გაგვემართა ფესტივალი, რომლის ჰედლაინერებიც იქნებოდნენ: Placebo, Archive, BLS, Beth Hart, Zemfira და სხვები. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ წლევანდელი ფესტივალი არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ფესტივალზე დასწრება გავხადოთ ყველა აბიტურიენტისთვის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად ეფექტური განრიგის შექმნაზე, რათა აბიტურიენტებს, ვინც 14:00-ზე წერს გამოცდებს, ჰქონდეთ საკმარისი დრო გამოცდის შემდეგ ფესტივალზე მოსასვლელად, ხოლო აბიტურიენტებს, ვინც 08:00-ზე წერს გამოცდას, ჰქონდეთ საკმარისი დრო გამოცდამდე ძალების აღსადგენად. ამ მომენტისათვის შეგვიძლია დაზუსტებით მოგახსენოთ, რომ არცერთი ჰედლაინ-აქტი არ დაიწყება 20:00-მდე. უფრო დეტალურ განრიგს შეგატყობინებთ უახლოეს მომავალში, ჩვენი ვებგვერდისა (www.tbilisiopenair.ge) და ფეისბუქის ივენთგვერდის (www.facebook.com/events/1683666965190447) მეშვეობით. აბიტურიენტებს, ვინც ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ გამონახავს დროს ფესტივალზე მოსასვლელად (განსაკუთრებით მათ, ვინც რეგიონებში აბარებს ეროვნულს გამოცდებს), გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენ კიდევ არაერთი ფესტივალის და კონცერტის ჩატარებას ვგეგმავთ და გპირდებით, რომ ხშირად გაგახარებთ“, – აღნიშნულია Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორების განცხადებაში.