პაატა დავითაია: ბიძინა ივანიშვილს ლევან ყიფიანთან დაკავშირებით კორუფციული მასალები დაუდეს

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ხელისუფლებას და უმრავლესობას ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელებისკენ მოუწოდებს. დავითაიას განცხადებით, ახალი პრემიერის მთავარი მიზანი საარჩევნო კოდექსზე მუშაობის უზრუნველყოფა უნდა იყოს, რაც არჩევნების შემდეგ, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
დავითაიას შეფასებით, ლევან ყიფიანის გადადგომა ცხადყოფს, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით ვითარდება.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის ინფორმაციით, ექსპრემიერს ლევან ყიფიანთან დაკავშირებით კორუფციული მასალები დაუდეს, რამაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გადადგომა განაპირობა.
“ღიად ჩანს, რომ ყიფიანის და სხვა მინისტრების გადადგომა არ იყო ოჯახის სიყვარულით ან მონატრებით ან გუნდთან დაპირისპირებით განპირობებული. რამდენადაც მე გამაჩნია ინფორმაცია, ივანიშვილს ყიფიანთან დაკავშირებით კორუფციული მასალები დაუდეს და ფაქტობრივად, მას გადადგომა მოუწია. მინისტრების წასვლა ივანიშვილის უშუალო ჩარევით მოხდა. ეს რეალურად ცხადყოფს, თუ საიდან იმართება პროცესები. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ისეთი კანდიდატურა შევიდეს, რომელიც საარჩევნო კოდექსზე მუშაობას და ახალი საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე არჩევნების ნორმალურად ჩატარებას  უზრუნველყოფს. ღარიბაშვილის წარდგენა საერთოდ ვითარების კრახს გამოიწვევს, რადგან პრემიერ-მინისტრად იმ მინისტრების ხელმძღვანელის დატოვება, რომლებიც კორუფციაში იყვნენ გარეულები, სასაცილო იქნება და ეს “ქართულ ოცნებას” უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს. ვინც არ უნდა იყოს ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, 6 თვეში ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ახალი კანდიდატი მხოლოდ ტექნიკური პრემიერ-მინისტრი იქნება და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ასევე უმრავლესობას, შემოიყვანონ ისეთი ტექნიკური პრემიერი, რომელიც ნორმალურ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას და არჩევნების ჩატარებას  უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ძველი კოდექსით ნებისმიერი არჩევნების ჩატარება კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება”, – განაცხადა დავითაიამ.
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი ასევე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ყველა პარტიასაც მოუწოდებს, შემუშავდეს ერთობლივი განცხადება, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსზე მუშაობის სწრაფ რეჟიმში განხორციელება იქნება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ამ პოსტზე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას კანდიდატურები აქტიურად განიხილება.

წყარო: პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები