დავით საგანელიძე: ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს. როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში კიდევ ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი.
“100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი იქნება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ისინი შეიცვლებიან თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცი”, – განაცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. გუშინ თანამდებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა).
პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები