ზურაბ ბიგვავა: ცვლილება, რომელიც მთავრობაში ხდება, მიმართულია უკეთესობისკენ

ექსპერტი ზურაბ ბიგვავა მინისტრთა კაბინეტში მიმდინარე ცვლილებებს დადებითად აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის, რაც მოხდა, აუცილებელი იყო, რადგან ამით პროცესები უკეთესობისკენ მიდის. ამასთან, ბიგვავა აღნიშნავს, რომ განვითარებული მოვლენები ასაღელვებელი და შესაშფოთებელი არ არის.
„ასაღელვებელი ამ პროცესებში არაფერი არ არის. ეს არ არის კრიზისული გადადგომა. ჩვეულებრივი პროცესია. მთავრობის წევრები იცვლებიან, ნაწილი უკვე შეიცვალა. შესაფოთებელი მიზეზი მოსახლეობას არ აქვს. დაძაბულობა და სამხედრო მდგომარეობა არ არის. გადადგა მეშვიდე მინისტრი. დაიწყება ჩვეულებრივი კონსტიტიციური პროცესი. ორ კვირაში წარადგენენ ახალ მინისტრთა კაბინეტს. გადადგომის ფორმალურად მიზეზად რა დაასახელეს, არ აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული პრობლემები და გადახალისება მოხდა გარკვეული პრინციპებით. ყველა ცვლილება, რომელიც ხდება, მიმართულია უკეთესობისკენ. აუცილებელი იყო, რომ ეს მომხდარიყო“, – განაცხადა ბიგვავამ.
მანვე აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანის მიერ დასახელებული გადადგომის მიზეზი მისთვის მისაღები და შედარებით დამაჯერებელია, ხოლო გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის მიზეზი არცთუ ისე რეალურია.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. გუშინ თანამდებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა).
პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები