რა პროცედურებია საჭირო ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად – კონსტიტუციონალისტის განმარტება

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს.
ლევან ყიფიანი მინისტრთა კაბინეტიდან მეშვიდე მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას ხელახლა სწორედ მას შემდეგ უცხადებს, რაც მინისტრთა კაბინეტში რიგით მეშვიდე მინისტრი იცვლება.
“კვირასთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.
მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პროცედურა ასეთია: საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ამავე ვადაში, თავის მხრივ, პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ანუ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ, მინისტრობის კანდიდატები უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატმა და შემდეგ ეს კანდიდატურები ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება – ძაბირაძე განმარტავს, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მათთვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს. 30 დღის ვადაში ტარდება განმეორებით კენჭისყრა, თუ განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაშიც ვერ მიიღებს ნდობას მთავრობა, იწყება ახალი პროცედურა.
“ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრთა 2/5-ს შეუძლია დაასახელოს პრემიერის საკუთარი კანდიდატურა და წარუდგინოს პრეზიდენტს, საკანონმდებლო ორგანოში არის 150 პარლამენტარი. თეორიულად შესაძლებელია, რომ პრემიერობის 2 კანდიდატი იქნას წარდგენილი სხვადახვა ჯგუფიდან, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებულია, ის კანდიდატურა წარადგინოს, რომელთაც დეპუტატთა მეტი რაოდენობა უჭერს მხარს, თუმცა თუ დეპუტატთა ხმების რაოდენობა თანაბარია, მაშინ პრეზიდენტს აქვს უფლება, შეარჩიოს ის კანდიდატურა, რომელიც მას სურს. თუ ამ პროცედურის შემდეგ მთავრობას ისევ არ გამოუცხადებენ ნდობას, პრეზიდენტი ვალდებულია, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.
რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის შემთხვევაში კი ის შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები