ლევან ყიფიანი: არსად მივდივარ, გავაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას

სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით უკვე მეორედ მიმართა, რადგან პირველ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„მე პრემიერს გადადგომის თხოვნით მეორედ მივმართე, თუმცა მაშინ მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.  ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან მისი დამსახურებაა, რომ მინისტრად დავინიშნე. არსად მივდივარ, აქ ვრჩეები, გავაგრძელებ ჩემს სპორტულ მუშაობას, ალბათ, სხვა უწყებაში ვერ წავალ, თუმცა პროფესიით  იურისტი ვარ“, – განაცხადა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. გუშინ თანამდებობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დაყენების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 დეპუტატის ხმა).
პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ ახალი მთავრობის საბოლოო ჯამში არდამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები