მამუკა არეშიძე: შეიძლება ყველაფერი მოხდეს

ექსპერტი მამუკა არეშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ახალი მთავრობის ფორმირებას არ გამორიცხავს. როგორც არეშიძემ „პირველ პრესკლუბში“ სამთავრობო გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, ქვეყანა იმ ტემპით და იმ ფორმით არ ვითარდება, როგორც დაგეგმილი იყო.
„დაახლოებით ორი თვის წინ ვთქვი, რომ დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი და ასევე, რიგგარეშე არჩევნები. დღის წესრიგში დგომა არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად ამ ფორმით მიიღება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ ვითარდება იმ ტემპით და იმ ფორმით, როგორც ეს იყო დაგეგმილი. რასაკვირვალია, ამაში მთლიანად ხელისუფლებაა დამნაშავე, ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების გადამწყვეტმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და დღესაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა.
ასე რომ, დასმულ კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა პრემიერ-მინისტრის ცვლილება, მე მხოლოდ შემიძლია გიპასუხოთ, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს – პრემიერ-მინისტრიც გადადგეს, მთავრობაც შეიცვალოს, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინოს, ესეც შესაძლებელია. მაგრამ მე ვთვლი, რომ ამაში არ არის საქმე. ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის მედიაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სკანდალურ ეპიზოდებს. მე მაინც ყურადღებას მივაქცევდი შემდეგს – რამდენად ეფექტურია მთავრობის მუშაობა. იმის, გამო რომ ვიღაც ვინმეს გუნდის წევრია, ღირს მთავრობის გადაყენება, თუ არ ღირს. რა დააშავეს კონკრეტულმა მინისტრებმა და ა.შ. მე მვთვლი, რომ ხელისუფლების ქმედება ზოგ შემთხვევაში არის საკმაოდ ეფექტური, ზოგ შემთხვევაში კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ხელისუფლების ქმედების ეს ეკლექტიკა განპირობებულია იმით, რომ სახელწიფო აქტივობის, ხელისუფლების მოქმედების სისტემა ვერ ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გადადგა. ყიფიანი უკვე მეშვიდე მინისტრია, რომელმაც 2014 წელს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დატოვა თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში დგება.
შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გარდა სპოირტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრისა, თანამდებობა დატოვეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები