ლევან ყიფიანი გადადგა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ლევან ყიფიანმა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ყიფიანმა აღნიშნა, იგი ბრიფინგის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
„არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. მივმართავ მათ, ასევე მოიქცნენ და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე. მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, უკვე მომზადებული მაქვს განცხადება, რომელსაც ჩავაბარებ კანცელარიაში. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს, მაგრამ დაარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ნდობას გამოუცხადებს.
მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა. მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით ამ მთავრობაში. ბევრი დანაპირები, რომელიც განვაცხადეთ, ჩვენ შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ამ ადამიანებმა გაადაბიჯეს სინდისს და ნამუსს.
მე მივმართავ, ნუ წავლენ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით. გადადონ ყველაფერი გვერდით და ქართველ ხალხს მისცენ ის, რასაც დაჰპირდნენ. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელსაც მე ვფიქრობ, უკვე გადასულია“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, ყიფიანის გადადგომის შემდეგ, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები