„მინისტრთა ახალმა კაბინეტმა შესაძლოა, პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღოს“

ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ მთავრობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და პოლიტიკური კრიზისის შესაძლო შექმნა და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის შეცვლა ივარაუდა.
გიორხელიძე ღარიბაშვილის პოსტზე სერგეენკოს შესაძლო დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სერგეენკო შესაძლოა, კარგი პიროვნება და კარგი მინისტრია, მაგრამ, როგორც პრემიერი, ის განწირული იქნება.
„ყალბი გუნდურობის გაგებით პარლამენტიც არ ასრულებდა თავის ფუნქციას და არ იყო მთავრობის მაკონტროლებელი. მთავრობა არ იყო ორიენტირებული შედეგებზე და ძალიან კმაყოფილი იყო თავისი საქმიანობით, საქმე იქითკენ მიდის, რომ სამთავრობო კრიზისი იქნება. მე ვისურვებდი, შეიცვალოს მთავრობის მეთაურიც, უფრო მეტიც, ეს გარდაუვალია. საუბრობენ ღარიბაშვილის სერგეენკოთი ჩანაცვლებაზე, თუმცა საუბარი რომელიმე მინისტრის ავტორიტეტულობაზე სასაცილოდ გამოიყურება, რადგან მედიცინიდან გადმოსვლა და ქვეყნის მართვაზე საუბარი მისთვის მიუღწეველი იქნება და ჩვენ ისევ ყალბ ორიენტირს უნდა დავეფუძნოთ. სერგეენკო იქნება განწირული პრემიერ – მინისტრი, მას არანაირი პარამეტრი არ გააჩნია, რომ პრემიერის ურთულესი საქმე გასწიოს. ის კარგი პიროვნებაა, ჯანდაცვის კარგი მინისტრია, მაგრამ იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, სხვა ხედვების ადამიანია საჭირო“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მისი განცხადებით, დღეს არსებული პრობლემები „ქართული ოცნების“ კატასტროფულმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია. ექსპერტმა არ გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.
„არ არის გამორიცხული, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ფაქტობრივად, დღევანდელ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ არჩევნებია. 2016 წელი საქართველოს პირობებში ძალიან ბევრია. მანამდე რა მოხდება, ამის პროგნოზირებას ვერავინ შეძლებს. ვადამდელი არჩევნებით კი „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, შეინარჩუნოს ლიდერის ფუნქცია“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
გიორხელიძის თქმით, პროცედურულად კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ წარდგენილმა ახალმა კაბინეტმა ვერ მიიღოს პარლამენტის მხარდაჭერა.
„თუკი პოლიტიკური ძალები მიზანშეწონილად ჩათვლიან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ისინი მოილაპარაკებენ, რომ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირონ. კრიზისის ფონზე ახალი მთავრობის მხარდაჭერა საკმაოდ პრობლემური საკითხია“, – აღნიშნა გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები