ირინა იმერლიშვილი: საქართველო თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებულნი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნმა ირინა იმერლიშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებულნი, ამასთან, იმერლიშვილის განმარტებით, ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელს არ უშლის.
“გუშინ ოფიციალური შეხვედრები არ ყოფილა, ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტებს შორის აუდიენცია, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. გზავნილებსაც ყველა გავიგებთ. ბელორუსიის პრეზიდენტის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პრაქტიკულად პირველად მოხდა. უაღრესად მნიშვნელოვანია ბელორუსიის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც და ეს მხარდაჭერა გრძელდება. ამავე დროს, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებულნი და ეს ხელს არ გვიშლის. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, ეს არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს “, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.