ირაკლი ღარიბაშვილი: გუდაურში ხელოვნური ტბის მშენებლობა იგეგმება

გუდაურში ხელოვნური ტბის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გუდაურს უფრო მიმზიდველს გახდის და ტურისტებს ზაფხულშიც მოიზიდავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გუდაურის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ წელს უკვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდა, ეკონომიკის სამინისტროს მთის განვითარების კურორტების სააგენტომ ძალიან წარმატებულად იმუშავა. ამ სისტემის დამონტაჟება სამ თვეში შეძლეს და ამან, რა თქმა უნდა, სეზონის ვადის გახანგრძლივება გამოიწვია, რაც ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე მეორე ფაზის დაწყებას ვგეგმავთ, რაც სასრიალო გზების – „გუდაური 1“-ის და „სპორტული 2“-ის ნაწილის გათოვლიანებას ითვალისწინებს. ასევე იგეგმება ხელოვნური ტბის მშენებლობა, რომელიც გუდაურს უფრო მიმზიდველს გახდის და ტურისტებს ზაფხულშიც მოიზიდავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარე ტურისტებისთვის ზაფხულშიც მიმზიდველი იყოს და არა მხოლოდ ზამთარში. გუდაურში ასევე შენდება 2 100 მეტრიანი 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო. გაფართოვდა და ქვებისგან გაიწმინდა სათხილამურო გზები და ახლა ველოპარკი ეწყობა. მიმდინარეობს გზების მარკირება და ა.შ. ანუ ამ რეგინს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველაფერი ის, რაც თანამედროვე კურორტების გავითარებისთვის არის საჭირო, მაგალითად, ინტერნეტი, Wi-Fi, სნოუპარკი – ეს ყველაფერი კეთდება და ალბათ წლის ბოლომდე დავასრულებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წელს გუდაურში რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობა დასრულდება.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ წელსვე „შერატონის“ მშენებლობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუდაურის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია და ჩვენ ამას მივესალმებთ. უნდა აღინიშნოს, რომ გუდაურს და, ზოგადად, ამ რეგიონს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მინდა ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად დავინტერესდეთ. ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით. ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია, იქნება ინფრასტრუქტურა თუ სხვა სერვისები, ამას ჩვენ ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტ „ძლიერი საქართველო – ძლიერი რეგიონისთვის“ პრეზიენტაცია დღეს მცხეთა-მთიანეთში გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები