სამი ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცის ოჯახი შიმშილობის ზღვარზე

ღია წერილი ირაკლი ალასანიას – ერთი ჯარისკაცის ტრაგედია 

  სამოქალაქო, აფხაზეთისა და აგვისტოს ომების მონაწილე ყოფილი სამხედრო მალხაზ გოქაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს და სამხედრო სამსახურში აღდგენას ითხოვს. როგორც მალხაზ გოქაძე წერილში აცხადებს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ იმიტომ მოხდა, რომ ე.წ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული ლევან ამირიძის ბატალიონის წევრი იყო.
ყოფილი სამხედროს ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ის 2 შვილთან და მეუღლესთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. გოქაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღდგენა არ მოხდება, სამხედრო ბილეთს, ვეტერანის, პირადობის მოწმობას დატოვებს და პოლიტიკური დევნილის სტატუსით რომელიმე ქვეყანას ჩაბარდება.
ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ღია წერილის გამოქვეყნება პორტალ „კვირას“ სთხოვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

awf“მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ყოველთვის ძალიან დიდი პატივისცემითა და სიმპათიით ვიყავი თქვენ მიმართ განწყობილი, რაც გამოიხატებოდა იმ პოლიტიკით და სწორი კურსით, რაც თქვენ თავდაცვის უწყებაში დაიწყეთ. თუმცა, ვთვლი, რომ უშუალოდ ჩემ მიმართ თავდაცვის სამინისტრომ გულგრილობა გამოიჩინა. არ შეიძლება სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც 3 ომი გამოიარა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქვეყანას, ასე უყურადღებოდ დატოვოთ და პასუხის ღირსადაც არ ჩააგდოთ.
ბევრი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც დღეს ჩემსავით უკანონოდ დაითხოვეს და თადარიგში არის, დღეს შიმშილის ზღვარზეა – ჩემი ოჯახის ანალოგიურად. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნის სირცხვილია!
მაშინ, როდესაც ჩვენ გაუთავებლად ვსაუბრობთ დასავლურ კურსზე, ნატოზე, ევროკავშირზე, სახელმწიფო საკუთარ ჯარიკაცებს ასე დამამცირებლად არ უნდა ექცეოდეს! ეს, მგონი, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველა განვითარებული სახელმწიფო თავის სამხედრო მოსამსახურეებს აფასებს. ბევრ ქვეყანაში ისინი პრივილეგირებულები არიან – ჯარი კი პრესტიჟული და საამაყოა!
მე უკვე 7 წერილი მოგწერეთ, ყველა მათგანი უყურადღებოდ დატოვეთ, ამიტომ მივმართე მედიას – ამ ხელისუფლებასთან დიალოგის ეს ჩემი ბოლო მცდელობაა. კიდევ ერთხელ მოგითხრობთ ჩემს შესახებ და იმედია, ახლა მაინც მიიტანთ გულთან ერთი რიგითი ჯარისკაცის გულისტკივილს:
თითქმის ყველა ომში ვმონაწილეობდი, რაც, საუბედუროდ, საქართველოში 1991 წლის შემდეგ მომხდარა. 1991 წელს, როდესაც ქართული ჯარი შეიქმნა, მოხალისე გვარდიელი ვიყავი, რუსეთის არმიაში მიწვევდნენ, მაგრამ უარი განვაცხადე. ვარ სამოქალაქო, აფხაზეთისა და აგვისტოს ომების მონაწილე სამხედრო, აფხაზეთის ომის ვეტერანი. 2007 წელს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე რეზერვის კურსი გავიარე, ამავე წელს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის საბრძოლო ბატალიონში ჩავირიცხე, რომელსაც მაიორი ლევან ამირიძე ხელმძღვანელობდა. როდესაც აღნიშნული ბატალიონი რეინჯერთა სამხედრო ქვედანაყოფად გადაკეთდა, ბატალიონის წევრების გადანაწილება შესაძლებლობების, საგამოცდო ნორმატივების მიხედვით მოხდა. ჩვენი ასეული გადაანაწილეს თავდაცვის სამინისტროს დაცვის სამსახურში, ვიცავდი გენერალური შტაბის შენობას. როდესაც გენშტაბის უფროსად გიორგი (გიგი) კალანდაძე დაინიშნა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ასეულის წევრების გათავისუფლება. გათავისუფლების მიზეზად ძალიან უმნიშვნელო მიზეზებს ასახელებდნენ, ჩასაფრებულების პოზიციიდან გვიყურებდნენ, რადგან ამირიძის ყოფილი ბატალიონის წევრები ვიყავით.
წინა მთავრობის მსხვერპლი აღმოვჩნდი და დღემდე უმუშევარი ვარ, რადგან უკანონოდ მოვყევი რეორგანიზაციაში. ჩემი კეთილსინდისიერი მსახურებით მივიღე მსუბუქი ტრავმები. მე თუ მზად ვიყავი ჩემი ქვეყნის და სამშობლოს გულისთვის დამეღვარა სისხლი, რატომ არ ფიქრობს ჩემი ქვეყანა ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მცირეწლოვან შვილებზე, რომლებიც მშივრები და უსახსროდ დარჩენილნი არიან?
ჩემს ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მრავალი მცდელობის, რამდენიმე განცხადების დაწერისა და თავდაცვის სამინისტროში მიმართვის მიუხედავად, რომ სამსახურში აღვედგინე, არ დამასაქმეს, კოჰაბიტირებული ხალხისა და შტატების სიმცირის გამო უარყოფით პასუხებს მიბრუნებდნენ. თავდაცვის სამინისტროში ისეთ კადრებს ვხედავ, რომლებსაც ბევრი უკანონო და არაადამიანური საქციელი ჩაიდინეს ჩემი და ჯარისკაცების მიმართ. მაგალითად, ჩვენი ასეულის დაცვის მეთაური, ახალაიას კადრი ზურაბ ლაფერაშვილი, მისი მარჯვენა ხელი ზურაბ მოსეშვილი – ეს პირები უმწიკვლოდ ასრულებდნენ ახალაიას უკანონო ბრძანებებს, ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზეზი, რის საფუძველზეც ჯარიდან დამითხოვეს, იყო ის, რომ ლევან ამირიძის კადრი ვიყავი! ახალმა ხელისუფლებამ ჩემი აღდგენის საკითხი მხოლოდ ერთხელ განიხილა და უარი არარეალური მიზეზით მითხრეს; კომისიამ დასკვნაში დაწერა, რომ ბავშვობაში გადატანილმა ბრონქების ანთებამ ჩემს ჯანმრთელობაზე  კვალი დატოვა და  სამხედრო სამსახურისთვის არავარგისი ვიყავი. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.  მანამდე, სხვადასხვა დროს სამხედრო კომისიის შემოწმება 2-ჯერ გავიარე და არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
თუ ჩემ მიმართ სამართლიანობა არ აღდგება, დავაბრუნებ სამხედრო ბილეთს, ვეტერანისა და პირადობის მოწმობებს და ჩავბარდები სხვა ქვეყანას, რადგან უსახსრობით ოჯახი გამინადგურდა. ერთადერთი შემოსავალი, რაც ჩემს ოჯახს აქვს, ეს 22 ლარია.
ეს არის აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანის დახმარება და იმის ნიშანი, თუ როგორ აფასებენ დღეს ქვეყანაში საკუთარ ჯარისკაცებს. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი სულ ცოტა დამამცირებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვის!“, – აცხადებს ღია წერილში ყოფილი სამხედრო.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები