ბიუროს სხომაზე პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

ბიურომ 15 – 17 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. მიმდინარე კვირაში პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“და მის თანამდევ ორმოცამდე პროექტს, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
„პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გარდაქმნა და მისი სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბება ხდება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კერძოდ, სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება (რომელიც მთელ რიგ მუხლებში ანაცვლებს ტერმინს – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). ხოლო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად – პენიტენციურ დეპარტამენტად.
გარდა ამისა, სამინისტრო იყოფა ორ მიმართულებად: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. ამ უკანასკნელში ერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და ის დანაყოფები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული სასჯელის აღსრულებასთან. ცვლილებით ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება. გარდა ამისა, ზუსტდება ცალკეული სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხები, აგრეთვე კანონპროექტი ითვალისწინებს რეორგანიზაციასა და სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, რომლის ინიციატორიც პარლამენტის წევრი, ზურაბ ჯაფარიძეა.
პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები შეწყდება და სასჯელისაგან განთავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე კარის (ეკონომიკური დანაშაული) მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტითვე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება–ლეგალიზების წესი. პარლამენტი ასევე პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს“. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 2391 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. კერძოდ, დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი აწესრიგებს არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის, აგრეთვე მათი მონაწილეობით აღნიშნული პროცესების წარმოების თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს. კანონპროექტით დგინდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების და ინდივიდუალური მიდგომის სავალდებულობა.
განისაზღვრება არასრულწლოვანთა (როგორც ბრალდებული, ასევე მოწმე და დაზარალებული არასრულწლოვანის) მიმართ სისხლის/ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტების მოვალეობები და კომპეტენცია. აქვე დგინდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირების სპეციალიზაციის ზოგადი საკითხები.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მთელი რიგი პროცესუალური საკითხები არასრულწლოვნებთან მიმართებით, მათ შორის ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებული ლიბერალური მიდგომები მოქმედ რეგულაციებთან შედარებით. 15 – 17 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგში სულ ოთხმოცამდე განსახილველი საკითხია შეტანილი. ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, შესაბამის კომიტეტებში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურა დაიწყება, მათ შორისაა კანონპროექტი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება კონკრეტული ვადების კორექტირება, კერძოდ იმ ბრალდებულის მიმართ, რომლის მიმართ სისხლისსამრთლებრივი დევნა დაიწყო ამ კოდექსის ამოქმედებამდე და რომლის მიმართაც შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ბრალდებულად ყოფნის ვადის ათვლა იწყება ხელახლა 2015 წლის 1 მაისიდან და განისაზღვრება 9 თვით (კონკრეტულ შემთხვევაში), ან გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან 1998 წლის 20 თებერვალს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის 12 თვიანი ვადის ამოწურვამდე დარჩენილ დროით(კონკრეტულ შემთხვევაში). ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართვა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის, კარლო კოპალიანის არჩევის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები