ქართული ავიაკომპანიები რუსეთის 7 ქალაქში რეგულარულ ფრენებს განახორციელებენ

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები მიმდინარე კვირაში დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროც ცნობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე – ფრენის სიხშირეები, გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ. თბილისი–მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც. კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები შესრულდება ასევე ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც. კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში – მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი,როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.
„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრისთვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი გამოირჩევა მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდანკი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც“, – განმარტავენ სამინისტროში.
მათივე განცხადებით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ წარმოებული დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია – მომხმარებელებს საშუალება მიეცემათ, თავისუფლად დაგეგმონ მგზავრობა და ისარგებლონ ამ მიმართულებებით შექმნილი კონკურენტული გარემოთი, ასევე აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა ცალმხრივად და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა, მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით. 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, ქ. თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი, გაგრძელდა დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები შესაბამის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები