ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელებისა და სამხედროების სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

პოლიციელებისა და სამხედროების სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გავზარდეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალმა მთავრობამ პოლიციელებისა და სამხედროების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა.
“მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, პოლიციელებისა და სამხედროებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინეთ და მათი სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად გავზარდეთ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის შემდეგი: მრავალშვილიან თანამშრომლებს დავუნიშნეთ დახმარება – 4 შვილის შემთხვევაში 250 ლარი, 5 შვილის შემთხვევაში – 375 ლარი და ზემოთ – 500 ლარიანი დახმარება. ასევე შემოვიღეთ ერთჯერადი დახმარება დაქორწინების, ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში, ჩვენ 7 700 ათასი ლარი გამოვყავით. ასევე გეტყვით, რომ პოლიციელების, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გავაორმაგეთ, ვუფინანსებთ ოპერაციებს საზღვარგარეთაც მათ, ვისაც ეს სჭირდება. მხოლოდ ამაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჯამში 6 მილიონ 200 ათასი ლარია დახარჯული. ასევე ხელფასები გაიზარდა პატრულ-ინსპექტორებისა და მესაზღვრეებისთვის. არის უამრავი წახალისება – ესენია ის, რაც მანამდე არ იყო”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები