„მარნეულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და მისმა შვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“

მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, მარნეულის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ამავე საკრებულოს დეპუტატი და მისი შვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტუაცია კი პოლიციის დროულად ჩარევის შედეგად განიმუხტა.
მერაბ თოფჩიშვილის განმარტებით, შემთხვევა დღეს დილას  მოხდა. მისივე თქმით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრს ჯოშგუნ ზეინალოვს საკრებულოს “ქრისტიანულ – კონსერვატიული“ ფრაქციის დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი ქველაძე და მისი შვილი ლაშა ქველაძე მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.
„მათ ზეინალოვს სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, თუმცა ადგილზე პოლიცია დროულად მოვიდა და სიტუაცია განმუხტეს“, – აცხადებს  მერაბ თოფჩიშვილი.
მარნეულის გამგებელი დაპირისპირების მიზეზად 4 აპრილს  მომხდარ შემთხვევას ასახელებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მარნეულის რაიონში, სოფელ უშალოში პროვოკაცია მოაწყვეს. კონკრეტულად კი, მათ ჯოშგუნ ზეინალოვისგან მოითხოვეს, ეთქვა, რომ ზეინალოვის მამამ შეისყიდა ის 4 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაყიდა.
თოფჩიშვილის განმარტებით, აღნიშნული მიწის ფართობი არა 2012 წელს ახალი ხელისუფლების მიერ, არამედ 2010 წელს წინა ხელისუფლების მმართველობისას გაიყიდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.
ცნობისთვის, 5 აპრილს მარნეულის რაიონის სოფელ ულაშლოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სოფლის მოსახლეობის ნაწილთან ერთად აქცია გამართეს. ადგილობრივებთან შესახვედრად სოფლის ცენტრში მარნეულის მუნიციპალიტეტის წევრებიც მივიდნენ, რის შემდეგაც გამგეობის წევრებს და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. აქციაზე შეკრებილები 2010 წელს გაყიდული სოფლის კუთვნილი მიწების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.  ისინი ამ მიწების გასხვისებაში სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ჯოშგუნ ზეინალოვს ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს მიწები იმ დროს გაიყიდა მის ნათესავებზე, როცა ზეინალოვი გამგეობაში მუშაობდა. თავად დეპუტატმა კი ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ  მიწები მის დანიშვნამდე გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები