“თანამდებობის პირებს პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ”

პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის ან თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტისთვის მიმართვას, უზრუნველყოს ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდა. “პრეზიდენტთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი საუბრის შედეგად, განვსაზღვრეთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დრო და თარიღი. ეს იქნება 31 მარტს 13:00 საათზე, პრეზიდენტი პარლამენტში წარდგება ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება და კონსტიტუციური პროცესი, რომელსაც პარლამენტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას და ვინ არა, მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის ან თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად აქვთ საშუალება იმისა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ ყველას დავხვდებით, თუკი ისინი მობრძანდებიან. ადგილები საკმარისი გვაქვს და თუკი ვინმე მობრძანდება, ყველას მივუჩენთ. ამის პრობლემა არ იქნება, ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტს და ყველა, ვინც მობრძანდება, პარლამენტის კარი ღია იქნება და ორგანიზაციულად ყველაფერი უზრუნველყოფილ იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, გიორგი კვერენჩხილაძემ პარლამენტს მიმართა, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა უზრუნველყოს, ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ. აღნიშნული ეხება აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვათა მოწვევის საკითხს. გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის, პარლამენტში გამოსვლის ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის – პოლიტიკურ დებატებში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 31 მარტს, 13:00 საათზე წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები