კახა კალაძე: ჩვენ ერთი გუნდი ვართ – მთავრობა და მოსახლეობა
ჩვენ ერთი გუნდი ვართ – მთავრობა და მოსახლეობა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტყიბულში გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო გახდება არა მხოლოდ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ მოხდება საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთში და ევროპულ ქვეყნებში. „ჩვენ ერთი გუნდი ვართ – მთავრობა და მოსახლეობა და მიზანიც გვაქვს ერთი, საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც შესაძლებელი იქნება დასაქმება, დასვენება, სრულყოფილი ჯანმრთელობისა და განათლების მიღება. ამ მიმართულებით, დაწყებულია ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმები, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით.
ისე განვავითარებთ ენერგეტიკას, რომ შევძლებთ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს არა მხოლოდ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ შევძლოთ და მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მთავარი საზრუნავია, აღმოიფხვრას სიღარიბე საქართველოში. „გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, უშუქო სოფლების განათება, ეს ყველაფერი არის ის ნორმა, ის ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან, რაც აქამდეც უნდა ყოფილიყო მოგვარებული. დღეს, უმოკლეს დროში მთავარი საზრუნავია აღმოიფხვრას სიღარიბე საქართველოში. ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, რამდენად მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი უმთავრესი სურვილია და ამისთვის ვიბრძოლებთ, რომ მშვიდად, პროფესიონალურად განვახორციელოთ ყველა ის პროექტი და გეგმა, რომელიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია. ქვეყანა მაშინ არის სწორ გზაზე, როდესაც მიდის მუშაობა მოქალაქეების მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა კალაძემ.