საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა შარშანდელთან შედარებით იკლო
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა შარშანდელთან შედარებით 9 პროცენტით დაიკლო, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახური აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1433 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 26 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 1 109 მლნ. აშშ დოლარს – რაც 2 პროცენტით ნაკლებია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2010-2015 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახური გამოქვეყნებულ დოკუმენტში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებასაც ასახავს.
2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 385 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 108 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 277 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- თებერვალში შესაბამისად 25, 22 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 28 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში 429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 110 მლნ. აშშ დოლარი (53 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 319 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 35, 53 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 13 პროცენტი).