კახა კალაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარება ენერგეტიკის განვითარებაზეა დამოკიდებული
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ენერგეტიკის განვითარებაზეა დამოკიდებული.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის “შუახევიჰესის” მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების და ამასთან პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულების ხელმოწერაზე განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ენერგეტიკის განვითარებაზეა დამოკიდებული. “შუახევი-ჰესის პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ვინაიდან, ეს არის პირველი ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო პროექტი საქართველოს ჰიდროსექტორში, რომელიც ხორციელდება არარეგრესული დაფინანსებით, სამი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. ამავდროულად, ეს არის პირველი ჰიდროპროექტი საქართველოში, რომლიც სერთიფიცირებულია გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ, 200 000 ტონით შემცირებული იქნება სათბური გაზების გამოფრქვევა ანალოგიური სიმძლავრის ადრეაშენებულ ჰიდროპროექტებთან შედარებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ენერგოდამოუკიდებლობისკენ არის შეუქცევადი პროცესი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, ვიტყოდი ძირითადიც კი ამ მიზნის რეალიზაციისთვის”, – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკის განვითარებაზე. “ჩვენ დარგში დასაქმებული თითოეული ადამიანი, საქართველოს მთავრობა ვაცნობიერებთ ამ მნიშვნელობას და საერთო ძალისხმევით ვცდილობთ ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესები იყოს დინამიური, საერთაშორისო სტანდარტების ანალოგიური და საერთო სახელმწიფო ეკონომიკურ სტრატეგიაში კონკრეტულად გაწერილი. ჩვენი ქვეყანა არის მდიდარი ენერგორესურსებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია იმისი პოტენციალი და გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო პროექტებში მოხდეს სრული ჩართულობა და ფუნქციური მონაწილეობა. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში საქართველოს გაძლიერებას ემსახურება და ყოველი წარმატებული პროექტი თითოეული მოქალაქის წარმატებაა”,-განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.