ნოდარ ხადური: თებერვლის თვე ეკონომიკური კუთხით იმედიანი იყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
მინისტრის განცხადებით, თებერვლის თვე იმედის მომცემი იყო. ახლანდელი მონაცემებით, ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, 104 მილიონი ლარით მეტია.
“თუ შარშან ის შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 165 მილიონი ლარით მეტი. ასევე 123 მილიონი ლარით გაზრდილია საბოლოო ნაშთი, ეს არის 478 მილიონი ლარი, აქედან 272 მილიონი არის განთავსებულია კომერციულ ბანკებში, ასეთი მდგომარეობაა მაკროპარამატრების კუთხით, საკმაოდ იმედიანი თვე იყო თებერვალი”, – განაცხადა ხადურმა.