ნოდარ ხადური: ვინაიდან კრიზისი არ არის, კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა არ გვჭირდება

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის.
მინისტრის თქმით, იგი საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ იცნობს, მაგრამ არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნული გეგმის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური აყვავება შეუძლებელია.
„ვინაიდან კრიზისი არ არის, კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა არ გვჭირდება, მაგრამ გვჭირდება სტაბილიზაციისა და წინსვლის გეგმა და ამაზე ვმუშაობთ. ეკონომიკის მინისტრმა სამეტაპიანი გეგმა წარმოადგინა. რაც შეეხება თქვენს გეგმას, ვიცნობ, თან ორს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა და იყო აქ ამაზე საუბარი. მე ერთს გეტყვით, გადასახადების შემცირებით, თქვენ გვეუბნებით, რომ შევამციროთ ბიუჯეტი მილიარდ ორასი მილიონი ლარით და ხარჯები გავზარდოთ 600 მილიონით და სესხი არ ავიღოთ. ფოკუზნიკი თუ არის ვინმე, რომელიც შეძლებს, რომ მილიონ ორასი მოიკლოს შემოსავალში, 600 მილიონი დაამატოს და ქვეყანა ააყვავოს, მერწმუნეთ, რომ ასეთს ვერ იპოვით. რაც შეეხება გადასახადების შემცირების ეფექტს ეკონომიკურ აქტივობაზე, გიდასტურებთ, რომ არის. მაგრამ ის მყისიერად ვერ ახდენს ეკონომიკაზე ზეგავლენას და ამას სჭირდება დრო“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები