ირაკლი ღარიბაშვილი: კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური პროცესები გააქტიურდეს
„ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოში ეკონომიკური პროცესები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები, რაც რეგიონული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
“ეკონომიკური განვითარება თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები, რაც რეგიონული განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა, ზოგადად, რეგიონში განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ მიმდინარე პროცესების საქართველოზე უარყოფითი გავლენა უახლოეს პერიოდში დაიძლიოს.
“მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რეგიონში საკმაოდ რთული პროცესები ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო და ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისნი. ჩვენთვის მთავარია, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დავძლიოთ ეს პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ეს რთული პერიოდი და გადავიდეთ სწრაფ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოში ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონული განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.