კახა კალაძე: ლარის კურსის დევალვაციის გამო ბევრი კომპანია ზარალზეც გავიდა

დადებითი და მისასალმებელია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.
“დადებითი და მისასალმებელია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უცხოურ ინვესტიციებს”, – განაცხადა კალაძემ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო კვარტლის განმავლობაში თანხების შემოდინების შეფერხება გარკვეულწილად დამოკიდებული იყო ლარის დევალვაციაზე.
“მთავარია ის, რომ არც ერთი ინვესტორი არ გასულა ქვეყნიდან ენერგეტიკის მიმართულებით. ყველა პროექტი, ჩვეულებრივად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ბოლო კვარტლის განმავლობაში თანხების შემოდინების შეფერხება გარკვეულწილად დამოკიდებული იყო ლარის დევალვაციაზე, რადგან გარკვეულ კომპანიებს გაეზარდათ ხარჯი. ვფიქრობ, ლარის კურსის დევალვაციის გამო ბევრი კომპანია ზარალზეც გავიდა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები