იაპონიის მთავრობა საქართველოს 4.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობას და იაპონიის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 4.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.
ნოტებს და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანი.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი დაესწრნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ნაწილით იგეგმება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშრუტებზე სამოძრაოდ დაინიშნება ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები.
გარდა ამისა, ე.წ. მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომლებიც გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
იაპონიის მთავრობის მიერ არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 1997-2014 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნა 4,2 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები