სემეკი ბუნებრივი გაზისა წნევისა და კალორიულობის შემოწმებას იწყებს

სემეკი გაზგამანაწილებელ კომპანიებთან ერთად ბუნებრივი გაზის წნევის მონიტორინგს იწყებს როგორც უბნებში, ასევე ინდივიდუალურად, იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ფართებში, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის შემოწმების მიზეზი მოქალაქეთა ბოლოდროინდელი არაერთი განცხადება და სატელეფონო ზარია, რომლებიც გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს.
„ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნასთან და თბოუნარიანობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მოქალაქეთა არაერთი განცხადება და სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, კომისია გაზგამანაწილებელ კომპანიებთან ერთად მონიტორინგს იწყებს და შეამოწმებს ბუნებრივი გაზის წნევას როგორც უბნებში, ასევე ინდივიდუალურად იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ფართებში, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნით დაუკავშირდებიან კომისიას. ამასთანავე, საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის (კალორიულობის) შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებგვერდზე.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად იზომება საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობა (კალორიულობის).
ლაბორატორიის მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ბუნებრივი გაზის საშუალო კალორიულობამ შეადგინა 8375 კკალ/მ3. ბუნებრივი გაზის ხარისხი (ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: სიმკვირივე, თბოუნარიანობა, ქიმიური შემადგენლობა) განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7600კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში.
გარდა ამისა, საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ბუნებრივი გაზის თბურ შემცველობად განსაზღვრულია არანაკლებ 31.8მგჯ/მ3-სა (7600 კკალ/მ3); რაც შეეხება ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნას, იგი შეიძლება გამოწვეული იქნეს სხვადასხვა მიზეზებით, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური აბონენტის შიდა ქსელის პრობლემა ან საერთო, უბნის პრობლემა. კომისია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს გაზგამანაწილებელ კომპანიებთან, რათა მოხდეს პრობლემატურ უბნებში ქსელის რეაბილიტაცია ან გაძლიერება.
კომისიის მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, გაზის მომხმარებელი დანადგარების შესაბამისი სამუშაო წნევით, წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის-გაზგამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებას“, – აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები